პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღეს საქართველოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო აქვს. მისი თქმით, სასამართლომ გიორგი რურუას მიმართ ობიექტური განაჩენი გამოიტანა.
„სასამართლომ კონკრეტულ სამართალდარღვევაზე ობიექტური განაჩენი გამოიტანა. ვფიქრობ, რომ ამ განაჩენით კრიმინალური და ხელმოცარული ოპოზიციის იმ აბსურდულ კამპანიას წერტილი დაესვა, რომელიც ცდილობდა, რომ ამ პროცესში მათი კრიმინალური ლიდერი უდანაშაულოდ წარმოეჩინა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.