„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, გიორგი რურუას საქმეზე ოპოზიციის ერთობლივი გაცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ერთი კონკრეტული მოქალაქე დღეს არის სისტემის მსხვერპლი.
„პოლიტიკურად, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლოს მსგავსი გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან აზიანებს პოლიტიკურ კლიმატს. სწორედ ამას გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორებიც. სწორედ ამიტომ იყო გიორგი რურუას საქმე 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ეს გამოსავალი დღეს იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან გიორგი რურუას შეწყალება. ვფიქრობ, პრეზიდენტს, რომელმაც უკვე გადადგა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების, დღეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს როგორც ზეპარტიულ სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებულ ადამიანს. მგონია და ვიმედოვნებ, რომ ამ შანსს პრეზიდენტი ხელიდან არ გაუშვებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.