თემურ შაშიაშვილი: არჩევის შემთხვევაში, მთელ საქართველოს ვაჩვენებ, რას ნიშნავს მაჟორიტარი დეპუტატი

01 Aug 2020 14:32

„მივიღე გადაწყვეტილება, კენჭი ვიყარო მაჟორიტარ დეპუტატად ქუთაისში" - პარტია „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი გაცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:



„მივიღე გადაწყვეტილება, კენჭი ვიყარო მაჟორიტარ დეპუტატად ქუთაისში. დიდი მადლობა ყველას, ვინც შემომთავაზა კენჭისყრა სხვა რეგიონებში. მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსმა კენჭი სწორედ იქ უნდა იყაროს, სადაც დაიბადა და გაიზარდა, სადაც მეტად გიცნობენ, მაგრამ შეგიძლია ყველას დეპუტატი იყო.


არჩევის შემთხვევაში, მთელ საქართველოს ვაჩვენებ, რას ნიშნავს მაჟორიტარი დეპუტატი, ხალხის ინტერესების გამომხატველი და დამცველი დეპუტატი, რომელიც კარგად იცნობს ქუთაისს და მის პრობლემებს, იცის ქალაქის მთავარი გამოწვევები, გაცნობიერებული აქვს ქალაქის საკადრო, სამრეწველო და ინტელექტუალური პოტენციალი, იცის, რომ ძლიერი ქუთაისის გარეშე ვერც თბილისი იქნება ძლიერი და ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე, საქართველო ვერ იქნება ძლიერი. იცის, რომ დღევანდელ საქართველოს დიდი ეროვნული შემოძახილი სჭირდება და დღეს ყველაზე მეტად ეს ეროვნული ენერგია, როგორც ამას მთელი საქართველო აღიარებს, ქუთაისს ჯერ კიდევ შემორჩა და განახლებული ეროვნული მოძრაობა სწორედ ქუთაისიდან უნდა დაიწყოს!


სწორედ ეს არის მეცნიერთა დიდი გუნდის პოზიცია. ამ განწყობით შევქმენით „მოქმედების მანიფესტი - ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება - რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“, რომელიც გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში მივიღეთ გასული წლის 8 თებერვალს, დავითობას და განვაახლეთ მიმდინარე წლის დავითობას, გელათში. ამ განწყობით არის შექმნილი „ხალხის წერილი ხელისუფლებას“, რომელიც დღევანდელობის ანარეკლი და სამოქმედო პროგრამაა, რომელსაც ათასობით ადამიანმა უკვე მოაწერა ხელი.


ვიცი, რომ ყველაფერ ამას თავგადადებული და თავშეწირული ბრძოლა სჭირდება. ქუთაისმა უნდა იამაყოს მისი დეპუტატით. ეს კარგად რომ მაქვს გაცნობიერებული ამიტომ ვაკეთებ მიმართვას", - ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.




კომენტარები:

ფართი შოპი