გოგი თოფაძის შვილიშვილი ზურაბ ჟვანიას შვილმა დაჭრა

03 Aug 2020 00:41

თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე დაჭრეს. 


როგორც თოფაძე ამბობს, მის შვილიშვილს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ახლა საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაშია.


თოფაძის თქმით, შემთხვევა დილით მოხდა. მისივე თქმით, მისი შვილი სავარაუდო დამნაშვეს შორიდან იცნობს.


„დილის 5:00 საათზე დაჭრეს, სახლში შემოუვარდნენ ჩემს შვილს. ახლა მოვედი საავადმყოფოდან, ოპერაცია გაუკეთეს, 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ჯერ უგონოდ არის.


ჩემთან სახლში მე-4 სართულზე, ჩემი შვილიშვილის სტუმრები იყვნენ, გოგოებიც ჰყავდათ, ბიჭებიც, ქეიფობდნენ, შემოვარდა ის კაცი. მანამდე დაურეკა ერთ-ერთს, ქალს, რომელიც ჩვენთან იყო, რაღაც აინტერესებდა ეტყობა. ეს ადამიანი, ვინც ჩემი შვილიშვილი დაჭრა, არ იყო სტუმარი. დაურეკა ერთ-ერთ სტუმარს, ეს არისო მანდო? კი, ჩვენ ვართო და გამოვარდა, ეზოდან შემოვიდა. ამ პიროვნებას მგონი ჩემი შვილიშვილი შორიდან იცნობდა, მაგრამ იმას სხვა ქალბატონი აინტერესებდა, ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი - არ ვიცი, ასე მეუბნებიან მაგის ნაცნობები და მეგობრები“ , - განაცხადა გოგი თოფაძემ.


რაც შეეხება დაკავებულს, შსს-ის განცხადებით, ბრალდებული 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.


შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:


“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს” – აცხადებენ უწყებაში.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.



კომენტარები:

ფართი შოპი