ჩემი მეუღლე ატყობდა, რომ რაღაცაში იყო საქმე, ბავშვი განერვიულებული იყო და რაღაცის შიში ჰქონდა, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
მისი თქმით, მისმა მეუღლემ შვილს ელექტროშოკი უყიდა, რომელსაც ის თან ატარებდა.
„ზუსტად არ მახსოვს, ჩემმა მეუღლემ შესთავაზა თუ მან სთხოვა, რა მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვს უარი არ უთქვამს და თან ატარებდა იმ ელექტროშოკს“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
მისი თქმით, გამოძიება პასუხს ვერ სცემს იმაზე, რატომ დასჭირდათ ამდენი დღე მანქანის პოვნისთვის, მაშინ როდესაც ის გზასთან ახლოს იქნა აღმოჩენილი.
„ამბობენ, მანქანაზე აბსოლუტურად ყველა დეენემი წაშლილი იქნება ისეა დამუშავებული მანქანაო და ახლა მანქანის ექსპერტიზის დასკვნა მოვა და არ იქნება დეენემი, ხომ გამიმძაფრებს ეს ეჭვებს?! ან რატომ ვერ იპოვეს ამდენი დღე, როდესაც მანქანა გზასთან ახლოს არის ნაპოვნი, ვერ მცემენ ამაზე პასუხს“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.