თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არაფერს გამორიცხავს.
„ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ძალიან ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ ჟურნალისტების მიერ გამოძიებული ბევრი ვერსია დადასტურებულა და ახლოს ყოფილა სიმართლესთან. ვფლობ ამ მაღალჩინოსნებზე გარვეულ ინფორმაციას, თუმცა უნდა გადავამოწმო ყველაფერი. მე არაფერს გამოვრიცხავ, უფრო შორს მავალი ინფორმაცია მაქვს. ჯერ ყველაფერს უნდა კარგად გაანალიზება, გადავამოწმებ და შემდეგ მივაწვდი საგამოძიებო ორგანოს ამ ინფორმაციას“, – განაცხადა რამიშვილმა.
რამიშვილის განცხადებით, დღეს გაირკვევა, როდის მოხდება ავტომობილის ექსპერტიზა და კამერების ჩანაწერების ამოღება.
„დღეს მეცოდინება, როდის იქნება ამოღებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ასევე დღეს გადაწყდება, როდის იქნება ავტომობილის ექსპერტიზა ჩატარებული, ამასთან, გავიგებ როგორ და რა დოზით იქნებიან ჩართული უცხოელი ექსპერტები კომპიუტერთან დაკავშირებით. ყველაფერი შესაძლებელია. იმ ლოკაციებზე, სადაც გადაადგილდებოდა თამარი არანაირად არ შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობისთვის მიდიოდეს. გვაქვს ძალიან ბევრი ვარაუდი და ეჭვი, რომ მას ჰქონდა შეხვედრა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი სიცოცხლის მოსპობის დაგეგმვა. ჯერ არ არის ამ კამერების ჩანაწერები ამოღებული. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა იქნას ამოღებული ჩანაწერები. ორი დღეა, რაც საგამოძიებო უწყებას მივაწოდე ინფორმაცია ამ კამერების შესახებ. პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, რომ კამერების ჩანაწერების ამოღება მოხდეს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში იპოვეს.