მაია ბითაძე: ჭავჭავაძის გამზირზე პირველ დღეს საცობი მძღოლების ახალ მარშრუტთან ადაპტაციით იყო გამოწვეული

03 Aug 2020 18:05

,,მოსახლეობას ვარწმუნებ, რომ ნაკადები დათვლილი გვაქვს პიკის საათებში 20%-იანი მატებით. შესაბამისად, არც სექტემბრის გვეშინია და არც იმის, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რასაც ქართველი მძღოლები ვერ დაემორჩილებიან", – ასე გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო სქემის შეცვლას.



ბითაძის განცხადებით, პირველ დღეს საცობი მძღოლების ახალ მარშრუტთან ადაპტაციით იყო გამოწვეული, რასაც 1-2 დღე სჭირდება.



„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, სატრანსპორტო სქემის შეცვლის პირველ დღეს ბუნებრივია, გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რაც ძირითადად, გამოწვეული იყო მძღოლების ახალ მარშრუტთან ადაპტაციით. ასევე, მთელი შაბათი – კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ფაზების გადაწყობა არსებულ ნაკადებთან მიმართებით და აბსოლუტურად გამართლდა ჩვენი მოლოდინები.


საქართველოში ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს თბილისში საცობების ეტაპობრივ აღმოფხვრას. საცობები აღმოიფხვრება იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამ დრომდე თუ სჭირდებოდა 20-25 წუთი, ახლა სჭირდება 8 წუთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, საცობების მართვისკენ და ეს ღონისძიებები მთელ თბილისში გატარდება“ , – განაცხადა მაია ბითაძემ.



თბილისის მერის მოადგილემ ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემის მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, ევროპის დიდი ქალაქების მაგალითებს გაეცნონ.



„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპონენტები გაეცნონ სხვა ქალაქების მაგალითებს. დაახლოებით, 15-18 წლის წინ ევროპის დიდ ქალაქებში – პარიზი, მილანი, ამსტერდამი – ზუსტად იმავე პრობლემებს აწყდებოდნენ და სწორედ სატრანსპორტო სქემების გამოყენებით, ამ ქალაქებში დღეს საცობები მართულია.


მოსახლეობამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ერთი ხელის მოსმით არ მიღებულა, ის დაფუძნებული იყო სატრანსპორტო კვლევებზე, ნაკადებსა და იმ მაგალითებზე, რომლის განხორციელებაშიც უცხოელი ექსპერტები გვეხმარებიან“ , – განაცხადა მაია ბითაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი