ბიჭებს შორის კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ „მზესუმზირაზე“ დაიწყო, სადაც ლევან თოფაძე ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბუსა ჟვანიას ყოფილ შეყვარებულთან ერთად მივიდა. ამან ბუსას გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მცირე შელაპარაკება მოჰყვა. მოგვიანებით, ლევან თოფაძე მეგობრებთან ერთად ვაკეში, მის საცხოვრებელ სახლში წავიდა, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა.
„კურიერმა“ კი იმ გოგოს სურათი გაავრცელა, ვის გამოც ზურაბ ჟვანიას შვილსა და გოგი თოფაძის შვილიშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.
ამასთან, ambebi.ge-სთან საუბრისას ბუსა ჟვანიას და ლევან თოფაძის საერთო მეგობარი, რომლის ვინაობაც უცნობია ამბობს, რომ ბუსა თოფაძეების სახლში ყოფილი შეყვარებულის გამო მივიდა, რომელსაც ორი თვის წინ დაშორდა.
„ერთმანეთი წლები უყვარდათ, გოგოს ბუსას ოჯახიც იცნობდა. ძალიან ლამაზი გოგონაა, წარმომიდგენია, ახლა რა დღეშია. ის და ლევანიკო ბავშვობის მეგობრები არიან და არ მიკვირს, რომ მათთან სტუმრად იყო, რადგან საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ.
მიზეზი რა გახდა, არ ვიცი, მაგრამ ბუსა და ის ორი თვის წინ ერთმანეთს დაშორდნენ. ბუსა ვერ ეგუებოდა ამას და თურმე ეჭვიანობდა, ყველგან დასდევდა და ხვდებოდა.
იმ ღამესაც ალბათ გაიგო, რომ ლევანიკოსთან მეგობრები შეიკრიბნენ და მისი ყოფილი შეყვარებულიც იქ იყო. ალბათ სწორედ ამიტომ მიაკითხა თოფაძეებს სახლში“, – ამბობს მეგობარი.