ვასილ მაღლაფერიძე: ჩვენ მივაწვდით მოსახლეობას სწორ ინფორმაციას და ღირსეულად გავივლით ამ არჩევნებს

04 Aug 2020 20:28

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.


საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა იყო საპარლამენტო არჩევნები, არჩევნებში მედიის პოზიცია, როლი და ის საკანონმდებლო სივრცე, რომლითაც მედია მოქმედებს.


„ჩვენ ვთქვით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველანაირად მზად არის საპარლამენტო არჩევნებისთვის. გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულიად მიუკერძოებელია, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გავაცანით ის კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც საარჩევნო პროცესში იქნება ჩადებული“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.


მისივე თქმით, არჩევნების პერიოდში ჩატარდება დეტალური, ყოველკვირეული ანალიზი, მაგრამ მთავარი მაინც იქნება ჟურნალისტების განწყობა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის და იქნება სრულიად მიუკერძოებელი.


„დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივაწვდით მოსახლეობას სწორ ინფორმაციას და ღირსეულად გავივლით ამ არჩევნებს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი