„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „მძიმე შეცდომა დაუშვა“, როდესაც უარი თქვა რეგიონებში საერთო მაჟორიატრების კანდიდატების დაყენებაზე.
„თბილისის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. „ევროპული საქართველო“ ვთვლით, რომ რეგიონებში, საკვანძო ოლქებში, შეთანხმება იქნებოდა სწორი იმიტომ, რომ ეს შეამცირებდა იმის რისკებს, თუ როგორ მოიქცევა ივანიშვილისნაირი არასტაბილური რეჟიმი პირველი ტურიდან მეორე ტურამდე და რამდენ შარში გახვევს ქვეყანას. ეს ივანიშვილს ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს. ყველა შემთხვევაში ის დამარცხდება, ოღონდ არის უფრო სარისკო სცენარები და ნაკლებად სარისკო და ამიტომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მძიმე შეცდომა დაუშვა, ამას ამომრჩეველი შეაფასებს, როცა ასეთ გონივრულ შეთავაზებაზე თქვა უარი იმ ილუზიით, რომ ისინი მარტო მოვლენ ხელისუფლებაში. ვერ მოვლენ მარტო, ეგ ვერ მოხდება. სამწუხაროა, ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეს, მაგრამ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გვაქვს კონსულტაციები“, - აღნიშნა ბოკერიამ.