ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ რთული საერთაშორისო გარემოებებისთვის თავის გასართმევად, საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს, ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარების აღმოჩენა შეუძლია.
„საქართველოზე იმას ვიტყვი, რასაც ქართველებს მაშინ ვეუბნებოდი, ისევე როგორც უკრაინელებს და სხვებს, რომ შესაძლოა, საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი ეკონომიკა თქვენ უნდა ააშენოთ. თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი წესები და კანონები ეკონომიკური განვითარებისთვის. საერთაშორისო სისტემას შეუძლია, დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით. ქართულ დემოკრატიას საკუთარი აღმასვლა და დაღმასვლები ჰქონდა, მაგრამ ის გადარჩა. ვფიქრობ, ეს კარგია და კარგის ნიშანია“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა „ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“ გამოსვლისას, „ამერიკის ხმის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ რუსეთის მზარდ აგრესიას, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან 12 წლის შემდეგ.