თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ჟვანიას ვაჟს, ბუსა ჟვანიას, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომას ბრალდებულის ბიძა, გოგლა ჟვანია, დედა, ნინო ქადაგიძე და ბუსას დები ესწრებოდნენ. დარბაზში მოსამართლემ ოჯახის სხვა ახლობლები არ დაუშვა.
სხდომის დასრულების შემდეგ ნინო ჟვანიას ჟურნალისტებთან აღარ უსაუბრია. დარბაზიდან გამოსულმა, მედიის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, ასე უპასუხა: "რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი".
გოგლა ჟვანიამას კი არ დაუმალავს საქმის დეტალები რომ იცის, თუმცა საუბრისგან თავი შეიკავა:
"ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ მიმაჩნია საჭიროდ ახლა დეტალებზე საუბარი. ჯერ ბიჭი უნდა გამოჯანმრთელდეს. მან უნდა დაიწყოს საუბარი, მერე შეიძლება აზრი მიეცეს საუბარს. დაველოდოთ ბიჭის გამოჯანმრთელებას. მთავარია კარგად მიდის გამოჯანმრთელების პროცესი, პალატაშია უკვე გადაყვანილი. იმედია, თვითონ მისცემს ჩვენებას და საინტერესოა რას იტყვის. გაირკვევა ბევრი რამ" - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
წყარო - resonancedaily.com.