თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონზე ლუქი 24 ივლისს მოიხსნა და ექსპერტიზაც სწორედ ამ დროს დაიწყო.
მისი თქმით, გასაკვირია, რატომ მოხდა მობილური ტელეფონის გახსნა ოჯახის წევრებისა და მისი დასწრების გარეშე, ვინაიდან როგორც რამიშვილი აცხადებს, შესაბამისი შუამდგომლობა მას დაწერილი ჰქონდა.
„დღეს მოვედით მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად, მანამდე, 28 ივლისს ლეპტოპის ექსპერტიზის დასაწყებად ვიყავით. თურმე, მობილურის ექსპერტიზა დაწყებულა 24 ივლისს. დღეს თურმე ეს ექსპერტიზა დასრულდა. ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ რომელ ლუქზეც ხელი მაქვს მოწერილი, რომ არ უნდა გახსნილიყო, მაინც გახსნილა, მაინც ჩატარებულა ექსპერტიზა და ყველაფერი განხორციელებულია. დღეს კლონირება დასრულდა და მობილურის მთელი ინფორმაცია 99 გეგაბაიტია“, – განაცხადა რამიშვილმა.
ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მობილური ტელეფონიდან მოპოვებულ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ გაეცნობა, რაც მონაცემები ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან შსს-ში გადაიგზავნება.
„პროტესტის ნიშნად, იმ მონაცემებს აღარ გავეცანი. მოვითხოვე, რომ მთელი ეს ინფორმაცია გადაეცეს შსს-ს. ხელმეორედ უკვე სრულად დავალუქინე აღნიშნული ტელეფონი. ხელმეორედ დაველოდები სრულ დასკვნას. მივმართე პროკურორს და ექსპერტებს, რომ ავტომობილზეც აღარ მოხდეს ლუქის ახსნა და ავტომობილს მაინც არ შეეხონ.
არ მესმის რას ემსახურება, როდესაც ვითხოვდი, ყველა დადგენილება ჩემთვის გადმოეცათ, ეს ყველაფერი უნდა შესრულებულიყო გამოძიების მიერ. როდესაც არ მეუბნები მობილურის ექსპერტიზის დაწყების შესახებ და ამას მიმალავ, ეს უკვე ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. რატომ უნდა დამიმალო?! ეს ბევრ კითხვას აჩენს და აღარ არის ამ კითხვების დრო“, – განაცხადა რამიშვილმა.