ეკატერინე ტიკარაძე: სამინისტრო და ექიმები ერთი განუყოფელი ნაწილია

10 Aug 2020 15:27

,,უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს. სამინისტრო და ექიმები არის ერთი განუყოფელი ნაწილი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ ჩარევას და ქმედებას, რომ ჩვენის საზოგადოების, პაციენტების მდგომარეობა იყოს უსაფრთხო", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ექიმების დაკავების შესახებ განაცხადა.



„ყველანი მივილტვით იმისკენ, რომ შევქმნათ ერთობლივი სისტემა, რომელშიც ნებისმიერი ქართველი თუ უცხოელი მოქალაქე შეძლებს და მიიღებს იმ საჭირო, ხარისხიან სერვისს ექიმისთვის და პაციენტისთვის უსაფრთხო გარემოში, სადაც ჩვენ საუკეთესო გამოსავლებს მივიღებთ. შეხვედრის მიზეზი იყო ვახტანგ ყიფიანის საქმე, სადაც ცალსახად გამოიკვეთა, თუ რა მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო საკანონმდებლო, რეგულირების და პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა გარკვეულ გაუგებრობაში და დღეს მას ეწოდა თაღლითი ექიმის სახელი. სამინისტრო მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს არაერთი ქმედება, რომ სიცხადე შეიტანოს ამ საქმეში, მზად ვართ, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს კომპეტენციები, თუ რომელ ექიმს, რა ჩარჩო დოკუმენტით და რეგულაციებით აქვს უფლება, მიიღოს გარკვეული ტიპის პაციენტი.


„მნიშვნელოვანია, უმოკლეს ვადებში მომზადდეს რეგულაცია, რომ ვახტანგ ყიფიანის მსგავსად სხვებიც არ აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში. ასევე, არაერთი მსჯელობა მოჰყვა სამინისტროს მხრიდან ინიცირებულ კანონს, რის შედეგადაც სამინისტრო იძულებული გახდა, გამოეწვია ის საკანონმდებლო ორგანოდან. ამიტომ, უმოკლეს ვადაში უნდა იქნას მიღებული, რადგან მსგავსი შემთხვევები დარეგულირდეს რეგულირებისს სააგენტოს, სამინისტროს, კლინიკასა და პაციენტს შორის“, – განაცხადა მინისტრმა.


ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ვახტანგ ყიფიანის შემთხვევა საკმაოდ კომპლექსური და რთულია”.


„მაშინ, როდესაც მიმდინარეობს აქტიური გამოძიება, არ მაქვს უფლება, მივიღო კონკრეტული დასკვნა, იყო თუ არა ის დამნაშავე. აქ არის დანაშაულის სიმძიმეზე საუბარი. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა არ არის სათანადოდ მომზადებული, იკვეთება გარკვეული გადაცდომები“,- აღნიშნა ტიკარაძემ.


5 აგვისტოს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი, ხოლო ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდა. ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 



კომენტარები:

ფართი შოპი