მარიამ ქვრივიშვილი: საკარანტინო ზონები მზადაა, მაქსიმალურად კომფორტულად უმასპინძლოს მოქალაქეებს

11 Aug 2020 21:52

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი 500-ზე მეტი დამსვენებელი საკარანტინო ზონებში გადაიყვანა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სვანეთში 20-ზე მეტ სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოაწყო.


„ჩვენ პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს სასტუმროებთან და დამსვენებლებთან, რათა მოქალაქეებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ მიმდინარე პროცესებზე, რაც საჭიროა მათი უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციისთვის. საკარანტინო ზონები მზადაა, მაქსიმალურად კომფორტულად უმასპინძლოს მოქალაქეებს, როგორც სვანეთში ასევე სხვა რეგიონებში“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები შეიქმნა. ჯგუფის წევრები ახორციელებენ მუნიციპალიტეტში მდებარე განთავსების ობიექტების აღწერას, სასტუმროების პერსონალს აცნობენ პროტოკოლებს, ასევე დამსვენებლებისთვის საჭირო ინფორმაციას, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ ხდება დამსვენებლების ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო ზონებამდე საკუთარი ტრანსპორტით. იმ მოქალაქეთა ტრანსპორტირებას კი, რომლებიც ავტომობილის გარეშე იმყოფებიან სვანეთში, საკარანტინო ზონებამდე სახელმწიფო უზრუნველყოფს.




კომენტარები:

ფართი შოპი