როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მოულოდნელად ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყო

12 Aug 2020 12:28

მეხის დაცემის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 24 ათასი ადამიანი იღუპება. რა არის ის აუცილებელი წესები, რომლებიც ასეთ დროს უნდა დავიცვათ? 


სასწრაფოდ იპოვეთ თავშესაფარი! 


პირველ რიგში, უნდა იცოდეთ ჭექა-ქუხილი საფრთხეს როდის წარმოადგენს. ამისათვის გაელვებასა და ჭექა-ქუხილს შორის დრო უნდა დაითვალოთ. თუ ეს შუალედი 10 წამზე ნაკლებია, მაშინ მეხი თქვენგან დაახლოებით 3 კილომეტრით არის დაშორებული. თუ შუალედი სამ წამზე ნაკლებია, უკვე მოვლენის ეპიცენტრში იმყოფებით და დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. 


ადრე ითვლდებოდა, რომ ასეთ სიტუაციაში ყველაზე საშიში მუხა იყო, თუმცა დღეს უკვე ეს მოსაზრება მითად იქცა. ამის სანაცვლოდ უნდა გახსოდეთ, რომ ჭექა-ქუხილის დროს ხის ქვეშ დგომა საერთოდ არ შეიძლება. ეს განსაკუთრებით ეხება განცალკევებით მდგომ ხეებს, რადგან მეხი მაღალ საგნებს ეტანება. შესაბამისად, ელვისა და ჭექა-ქუხილის დროს უნდა ერიდოთ სწორედ ისეთ ადგილებს, როგორიც არის მაღალი ხეები, ტყის განაპირა ნაწილები, ელექტროგადამცემი ბოძები და სხვ. მსგავსი ობიექტებისგან მინიმალური დისტანცია 10 მეტრს უნდა შეადგენდეს. უფრო საიმედოა ახალგაზრდა ბუჩქებში ყოფნა. 


ჭექა-ქუხილის დროს, პირველ რიგში, ახლოს მდებარე ნებისმიერ შენობას უნდა შეაფაროთ თავი. სახლის გარდა ეს შეიძლება იყოს მაღაზია, პავილიონი ან სხვა რაიმე დაწესებულება. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას შეაფაროთ თავი, მაგრამ მის კედლებს არ შეეხოთ. თავშესაფრის ძებნის დროს ქოლგას ნუ გახსნით. 


საჭესთან ვარ. რა ვქნა? 


ჭექა-ქუხილის დროს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო თავშესაფარი არის მანქანა. თუ უამინდობამ ავტომობილის მართვის დროს მოგისწროთ, გაჩერდით ხეებისა და ელექტროგადამცემი ბოძებისგან მოშორებით, გამორთეთ ძრავა, დახურეთ ფანჯრები. სანამ წვიმს, მანქანის კარის ლითონთან შეხება საშიშია. მაშინაც კი, თუ ავტომობილს მეხი დაეცემა, ის კორპუსის ზედაპირს გაივლის და სველი საბურავების მეშვეობით ნიადაგში ჩავა. 


ველოსიპედისტებმა და მოტოციკლეტისტებმა მოძრაობა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ, შეეცადონ უახლოეს შენობაში დაიმალონ ან სხვა უსაფრთხო ადგილი იპოვონ. თუ მიმდებარედ ასეთი არაფერია, უნდა ჩაიმუხლოთ და მუხლებზე ხელები შემოიჭდოთ. უმჯობესია, ეს მოხდეს ასფალტზე და აუცილებლად ველოსიპედიდან ან მოტოციკლეტიდან, სულ ცოტა, 5 მეტრის დაშორებით. 


ექსპერტები კარვებში მყოფ მოლაშქრეებს ურჩევენ, სანამ ჭექა-ქუხილია, მანქანებში გადაინაცვლონ. თუ საკუთარი ავტომობილით არ ხართ, დახმარება სხვებს სთხოვეთ. ჭექა-ქუხილის დროს ყველაზე საშიში სპორტის სახეობებია გოლფი და ცხენოსნობა, რაც ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ახსნას არ საჭიროებს. 


თუ ჭექა-ქუხილმა მოგისწროთ დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, სადაც ვერანაირ ნაგებობას ვერ პოულობთ, რაც შეიძლება დაბლობი და ჩავარდნილი ადგილი უნდა იპოვოთ. წინასწარ მოიშორეთ მეტალის ყველა ნივთი და სულ ცოტა, 5 მეტრის რადიუსში დადეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაწვეთ მიწაზე. სადმე ახლომახლო მეხი თუ დაეცა, ეს საფრთხეს გაზრდის. თუ ასეთ სიტუაციაში რამდენიმე ადამიანი ერთად აღმოჩნდით, აუცილებელია, ჯგუფი დაიშალოს. თანამგზავრებს შორის დისტანცია, სულ ცოტა, 1 მეტრი, უკეთეს შემთხვევაში კი 3 მეტრი უნდა იყოს. მთაში შედარებით უსაფრთხო ადგილია კლდეებიდან რამდენიმემეტრიანი დაშორება. 


მართალია თუ არა, რომ ჭექა-ქუხილის დროს წყალში ყოფნა ძალიან საშიშია? 


დიახ. ჭექა-ქუხილის დროს ყველაზე საშიში ადგილია წყალსაცავები და აუზები, სადაც მეხის დაცემის რადიუსი ას მეტრს აღწევს. ამიტომაც მოცურავეებმა წყალი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, როგორც კი მოსალოდნელი ჭექა-ქუხილის ნიშნები გამოჩნდება. კატარღები, ნავები, იახტები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოთ ხმელეთისკენ, ბორტზე მყოფებმა კი ლითონის საგნებისა და ანძებისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ და რაც შეიძლება დაბლა დასხდნენ. 


სხვათა შორის, სველი ტანსაცმელი კარგი ელექტროგამტარია. ასე რომ, ზოგჯერ ახალომახლო მეხის დაცემის შემთხვევაშიც კი მის შედეგს ამსუბუქებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამით სასიკვდილო დაზიანების თავიდან არიდება შეგიძლიათ. 


კვამლის წყარო დაახშეთ! 


კერძო სახლსა თუ აბაზანაში ანთებული ღუმელი საშიშროებას წარმოადგენს. ამის მიზეზი არის ის, რომ ბუხრიდან გამოსულ კვამლს მაღალი ელექტროგამტარობა ახასიათებს. ამიტომაც ცეცხლი უნდა ჩააქროთ. 


გათიშეთ მობილური ტელეფონი! 


დანამდვილებით არ არის ცნობილი, ზრდის თუ არა ჩართული მობილური ტელეფონი მეხის დაცემის ალბათობას, მაგრამ ექსპერიმენტის ჩატარება ნამდვილად არ ღირს. რაც შეეხება სახლის ტელეფონს, უმჯობესია ის ქსელიდან გათიშოთ, თქვენ კი სადენებისა და ჩამრთველებისგან შორს იყოთ. 


დაბოლოს, დაზარალებულს დახმარება აღმოუჩინეთ! 


თუ თქვენს თანამგზავრს მეხი დაეცა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ ექიმი უნდა გამოიძახოთ, მაგრამ მაშველების მოსვლამდე დრო არ დაკარგოთ. თუ დაზარალებულმა გონება დაკარგა, ზურგზე დააწვინეთ და თავი ცალ მხარეს მიუტრიალეთ, რათა ენამ სუნთქვაში ხელი არ შეუშალოს. კანის დაზიანებული ზედაპირი უნდა გაწმინდოთ და სუფთა ბინტით დაფაროთ. სასურველია, მას ტკივილგამაყუჩებელიც დაალევინოთ. თუ გულის მასაჟის გაკეთების გამოცდილება ან ცოდნა გაქვთ, მაშინ ექიმების მოსვლამდე საქმეს შეუდექით, რათა დაზარალებულს გულის რიტმი აღუდგეს.



წყარო - imedinews.ge



კომენტარები:

ფართი შოპი