თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის დედა შსს-ში შეუძლოდ გახდა.
"იყო რაღაც ჩანაწერები, შვილის ხმის გაგონება და ვიზუალურად რომ დაინახავ მას, მაინც სხვა შეგრძნებაა. რთულია შვილს რომ ხედავ, შენთვის მაინც ცოცხალი არის. ძალიან ცუდად გაგვიხდა თეონა.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ყოველთვის ადამიანია, მთელი საგამოძიებო ორგანოს მანდილოსნები და ახალგაზრდა თანამშრომლებიც დაზაფრულები იყვნენ, ყველას დაავიწყდა, რომ თანამშრომლები იყვნენ, ისე ადამიანურად იქცეოდნენ. მერე რა რომ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არიან, როგორც საკუთარ დედას ისე ექცეოდნენ და მესმის“ , - განაცხადა რამიშვილმა.
მისივე თქმით, უწყებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის Gmail-ი გახსნეს, სადაც 13-დან 18 ივლისის პერიოდში არანაირი შეტყობინება და მიწერ-მოწერა არ დახვდათ.
"გაიხსნა თამუნას Gmail-ი. სოციალურ ქსელში შევიდნენ, გარკვეულ ინფორმაციას გავეცანით, საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახის ინფორმაცია მივიღეთ. ამავდროულად, ძალიან საეჭვო შემხებლობის ნიშნებიც ვნახეთ, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ რიცხვებში ინფორმაციები პირდაპირ, შემიძლია, ვთქვა, რომ წაშლილი დაგვხვდა.
მოვითხოვეთ, დადგინდეს, ვის მიერ, რა მისამართით მოხდა შეღწევა. იყო ის პერიოდი, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ დადგინდეს, იმ პერიოდში, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და კომუნიკაცია.
წაშლილია შეტყობინება, მიწერ-მოწერა, ეს არის 13 დან 18 ივლისამდე პერიოდი. 18 ივლისიდან არანაირი ინფორმაცია არ იკვეთება. ბევრი დეტალი იკვეთება, რაც გამოძიებისთვის და საერთო საქმისთვის საინტერესოა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.