გია ვოლსკი: გიორგი კანდელაკის განცხადება ისეთივე ფანტაზიაა, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა ღრუბელ-ღრუბელ ფრენით, ზღვით, ან ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლაზე

13 Aug 2020 20:59

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, უსუსურია განცხადება, თითქოს, მასობრივი ავიარეისები ჩამოვა საქართველოში უსაფრთხო ქვეყნებიდან, რომლებიც არ არსებობს და „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერთა რიგებს შეავსებენ.


„საქართველოში დაბრუნებული მოსახლეობის დიდ რაოდენობას საკუთარმა ქვეყანამ მიხედა, ჩამოიყვანა, დააბინავა და იმ უბედურებას აარიდა, რასაც კორონავირუსი ჰქვია. სწორედ რომ ეს ადამიანები მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერენ, თუმცა ეს არავისთვის გვითქვამს და წინაპირობად არავისთვის შეგვითავაზებია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.


მისი თქმით, უსაფრთხო ქვეყნები, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს.


„ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების განვითარება ისე არავის ეჩქარება, როგორც ხელისუფლებას, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა მართლაც მძიმეა და მთელი რესურსები გადართულია სოციალურ პაკეტებზე, რაც ეკონომიკის განვითარებას ხელს არ უწყობს. ჩვენი მიზანია, საზოგადოება დაავადებას და სიკვდილიანობას გადავარჩინოთ. ეს არის მთავარი ამოცანა. უსუსური განცხადება, თითქოსდა, ხალხის ჩამოყვანა არ გვინდა და მასობრივი ავიარეისები ჩამოვა საქართველოში უსაფრთხო ქვეყნებიდან, რომელიც არ არსებობს და შეავსებენ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერთა რიგებს, არის ისეთივე ფანტაზია, როგორიც თავის დროზე სააკაშვილს ჰქონდა – ღრუბელ-ღრუბელ ფრენით, ან მიწით, ზღვით, ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. დაახლოებით იგივე ემოციები და განწყობებია. ორი ფრთა ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხასიათი არ შეუცვლიათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.


„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს არ აძლევს უფლებას, უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან ფრენები განახორციელონ. მისი თქმით, ხელისუფლებას ეშინია, რომ უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემენ ხმას.



კომენტარები:

ფართი შოპი