ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორი კვირის წინ ნათლად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება არ უნდა გაბედოს და ფაქტობრივად, მომავალი არჩევნები გადაწყვეტდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ბედს.
„მაიკ პომპეოს გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარიც ჰქონდა. დღეს მისი მოადგილე კვლავ იგივეს იმეორებს და ამბობს, რომ ქვეყანაში არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარება განსაზღვრავს ბევრ რამეს საქართველოს მომავლისთვის და ხელისუფლებასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. ყველა ერთსა და იმავეს ამბობს – ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფალი, არაძალადობრივი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, იციან რა, რომ საქართველოში ხდება – არჩევნების მანიპულირება, ძალადობა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ანუ, ქვეყანაში არ არის თავისუფალი არჩევნები და ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ არ გაბედოს ის, რაც აქამდე ჩაუდენია“, – განაცხადა გოცირიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ საქართველოს შესახებ ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რეგიონში ლიდერია.