პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ოპონენტების მთავარი ამოცანა დესტრუქცია და ცხელი კერების შექმნაა.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დესტრუქციულ ქმედებებს განვითარების საშუალება არ მიეცეს. არ მგონია, რომ ჩვენს ოპონენტებს დესტრუქციული პროცესების გარდა, მართლაც აინტერესებდეთ მაღალი დონისა და სტანდარტის არჩევნების ჩატარება. შექმნილი წინაპირობები უკვე ამაზე მიანიშნებს.
ოპონენტების მთავარი ამოცანა არის დესტრუქცია, ცხელი კერების შექმნა და ისეთი სიტუაციების პროვოცირება, რომ შესაძლებლობისთანავე, საქართველოს ხელისუფლება გარკვეული საკითხების მიმართ არადემოკრატიულ მიდგომებში დაადანაშაულონ. ამას პერსპექტივა არ გააჩნია“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, საქართველო არჩევნებზე ღირსეულად წარსდგება და ქართული საზოგადოება ამისთვის მზად არის.
„ქართული საზოგადოება მზად არის და ვფიქრობ, რომ არჩევნებზე თავისი პოზიციით ღირსეულად წარსდგება, ხაზს გაუსვამს იმას, რომ საერთაშორისო დონეზე არავისზე ნაკლები დემოკრატიული სტანდარტის მქონე არჩევნები და პოლიტიკური პროცესები საქართველოში არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.