„ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეჯოში განაცხადა, სადაც მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.
„ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა. ძალიან კარგად გვესმის, რომ გასაკეთებელი საქმე უამრავია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი და დასასრულებელი. თან ბევრი დრო არ გვაქვს, თან ეს პანდემია დაგვემატა, მაგრამ შინაარსობრივად მივყვებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პირველ რიგში, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდობას ყველაფერი შევუქმნათ, რათა ქვეყნის შიგნით შიგნით კარგი განათლება მიიღონ, იყვნენ მაგრები, ეფექტურები, ხოლო და როცა გაიზრდებიან და სხვა ქვეყნების შვილებთან კონკურენციაში შევლენ, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა იყოს ძლიერი.
ჩვენი ვალდებულებაა და ასეც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები მიხედილი იყვნენ, რათა მათ პენსიაზე გასვლის შემდეგ. სოციალურად ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ნორმალურად ცხოვრება განაგრძონ; მათი ჯანმრთელობა იყოს დაცული. სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შექმნას, რომ მშრომელმა ადამიანმა იშრომოს, თავის ოჯახზე იზრუნოს და სახელმწიფოზე დამოკიდებული არ იყოს. ჩვენი ძირითადი ამოცანა ეს არის.
ჩვენი ძირითადი ზრუნვის საგანია: ბავშვი, ახალგაზრდა, მისი განათლება, მოხუცი და მისი პენსია, მისი სოციალური უზრუნველყოფა, მისი ჯანმრთელობა. ჩვენ კიდევ ყველამ უნდა ვიშრომოთ. ამისთვის სახელმწიფომ შესაბამისი სამართლიანი გარემო უნდა შექმნას, რასაც ვაკეთებთ და რის კეთებასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.