გიორგი ჩახაია: "2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალი სახეებით ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენ ახალ პოლიტიკურ ძალას ერქმევა „ზვიადის გზა“

29 Aug 2020 00:08

გიორგი ჩახაია პოლიტიკაში ახალი სახეა. ის, საკუთარ თავს ასე აცნობს საზოგადოებას:


"მე ვარ გიორგი ჩახაია, საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა“ თანადამფუძნებელი. დავიბადე 1984 წლის 2 ივლისს ქალაქ ზუგდიდში. დავამთავრე ქ. ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის გიმნაზია. 2001 წელს ჩავირცხე თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტზე, მომენიჭა ფინანსისტის კვალიფიკაცია. 


შეეხება ჩემ პროფესიულ თუ არაპროფესიულ სამუშაო გამოცდილებას, ჩემი პირველი ოფიციალური სამუშაო ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში იყო, 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში. პირველი ხელფასი მაშინ ავიღე. მეორე ოფიციალური სამუშაო უკვე უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე და ადმინისტრაციულ პოზიციაზე 1 წელი ვიმუშავე. 


ამის შემდეგ, სადღაც წელიწადნახევარი, დაკავებული ვიყავი მცირე ბიზნესით. 2007 წლის მეორე ნახევარში, უკვე ახალი სამსახური მქონდა და ეს იყო ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური. სახელმწიფო ხაზინაში დაახლოებით 2 წელიწადი და ნახევარი დავყავი და 2010 წლის თებერვალში, საკუთარი განცხადების საფუძველზე აღნიშნული სამსახურიდან წამოვედი. 


2010 წელსვე დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანიაში, სადაც ვიყავი კომპანიის მთავარი აუდიტორი და შიდა აუდიტის ჯგუფის უფროსი. 


2011 წელს, პირადი განცხადების საფუძველზე კომპანიაც დავტოვე და გავედი შედარებით გრძელვადიან შვებულებაში. 2011 წლის ზაფხულში, როგორც მცირე ბიზნესის გულშემატკივარმა, მცირე მეწარმეებისთვის გამოვეცი სამაგიდო წიგნი. 


2013 წლის ზაფხულში, გავხსენი მცირე მეწარმეთა უფასო დახმარების ცენტრი და თითქმის 2 წლის განმავლობაში, სრულიად უსასყიდლოდ ვეხმარებოდი მცირე მეწარმეებს ბიზნეს კონსულტაციებსა და საგადასახადო დავებში. 2015 წლიდან კი თვითდასაქმებული ვიყავი. 


ბოლო ათწლეულების განმავლობაში, პოლიტიკოსების შემხედვარემ, 2018 წელს გადავწყვიტე, რომ დამეფუძნებინა სრულიად ახალი პოლიტიკური ძალა და მონაწილეობა მიმეღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 


ვარ ავტორი, არაერთი საგადასახადო და ზოგადად ბიზნეს საკანონმდებლო პროექტისა. ვარ დასაოჯახებელი. მყავს დიდი ოჯახი, ბევრი ახლობელი და მეგობარი. ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და შესაბამისად კონსერვატორი და მემარცხენე. მიყვარს მოგზაურობა. მიყვარს ქართული სამზარეულო და ვფიქრობ, რომ რეალურად ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში. იგივე შემიძლია ვთქვა კარგ ქართულ ღვინოზეც. საერთოდაც ბევრი ქართული პროდუქტი ძალიან გემრიელია და ქვეყანაც ძალიან კარგი გვაქვს, ოღონდაც ჩვენ ვერ ვაფასებთ სათანადოდ. 


სპორტის სახეობებიდან ბავშვობიდანვე მიყვარდა ფეხბურთი და ჩოგბურთი. ოდნავ გვიან ასაკიდან კი რაგბი. მიყვარს შემეცნებითი ლიტერატურის კითხვა. პოლიტიკა ბავშვობიდანვე მაინტერესებდა. 


ბავშვობაზე გამახსენდა, ბავშვობიდანვე მიყვარდა და მეცოდებოდნენ გაჭირვებული ადამიანები. ამიტომაც ვუსვამ ხაზს ხშირად, რომ ვარ, საკუთარი ქვეყნის და გაჭირვებული ხალხის რეალურად ქომაგი და პატრიოტითქო. ვხედავ რა, რომ არც ერთი ხელისუფლების პირობებში, მილიონზე მეტი ადამიანის სიღატაკე და ზოგადი სიღარიბე ვერ აღმოიფხვრა და არადა უკვე მოგვარებული უნდა იყოს ეს საკითხი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გადავდგა ეს ნაბიჯი და ერთხელ და სამუდამოდ ისეთი ხელისუფლება მოვიყვანოთ ქვეყნის სათავეში, რომელიც რიგითი მოქალაქეების, სოციალურ თუ სხვა პრობლემებზე იზრუნებს და არა საკუთარი ჯიბის გასქელებაზე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალი სახეებით ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენ ახალ პოლიტიკურ ძალას ერქმევა „ზვიადის გზა“. ჩვენმა მხარდამჭერებმა, არჩევნებზე უნდა შემოხაზოთ: „ზვიადის გზა“. 


დიდი პატივისცემით და სიყვარულით, გიორგი ჩახაია, - აღნიშნავს გიორგი ჩახაია. 



კომენტარები:

ფართი შოპი