ბათუმის მერიის განცხადებით, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა და სამართლდარღევის ოქმი შედგა.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარაში საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“