პატრიარქის ეპისტოლეს საპასუხოდ - ქალის ეპისტოლე

08 Jan 2018 19:24

ნინო ბოლქვაძე, იურისტი:


ჩვენ აქ ვართ. ქალები რომლებსაც გვახსოვს რომ 1989 წლის 9 აპრილს 17-მა ქალმა პარლამენტის შენობის წინ საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირა სიცოცხლე.


ჩვენ ვართ ქალები, ვინც 90-იან წლებში გადარჩა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენმა დედებმა ამ გადარჩნას საკუთარი ჯანმრთელობა შესწირეს.


ჩვენ ვართ ის ქალები ვისაც სულ ათიოდე წლის წინ ერთმორწმუნე რუსეთის ხელისუფლებამ შვილები მშობლიური სოფლების ეზოებში მოუკლა.


დიახ, ჩვენ გვჭირდება რწმენა. რწმენა იმისი რომ სამომავლოდ ჩვენ შვილებს არავინ, არასოდეს დააჩოქებს არც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არც ლობიოს და პურის მონატრებით, არც ციხეში ჩაგდებით და არც ჯოჯოხეთში მოხვედრის შიშით.
ჩვენ გვჭირდება ისეთი სახელმწიფო, სადაც კეთილდღეობა ყველასთვის ერთანირად იქნება ხელმისაწვდომი და მატერიალურ სიკეთეებზე უარის თქმას ქადაგებენ ისინი ვინც თავად ამ სიკეთით, ჩვენ ხარჯზე, არ არიან აღვსილნი.


ჩვენ გვჭირდება გამბედაობა საკუთარ ხელში ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მშენებლობაზე. გამბედაობა რათა დავიბრუნოთ ქვეყნის მართვის სადავეები მათგან ვინც არც საერო, არც საეკლესიო კანონებით არ არის უფლებამოსილი ჩვენზე ბატონობდეს და ამას ადამიანის მიმართ ყველაზე მოსაიყვარულე იდეის სახელით აკეთებდეს.


ასევე გვჭირდება გამბედაობა და ცოდნა. ბევრი შრომაც, დასახული მიზნების ერთგულება და სულიერი სიმტკიცე. ამ გზაზე კეთილსინდისიერები უნდა ვიყოთ, პატივს ვცემდეთ სხვა ადაიანის პიროვნებას. ვაღიარებდეთ შეცდომებს, ვისმენდეთ და ვითვალისწინებდეთ სხვის აზრს, ვეხმარებოდეთ ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, ვაგრძელებდეთ სამყაროს კვლევას შემეცნებას. და რაც მთავარია ვხედავდეთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი.


ამ განწყობით უნდა შევუდგეთ ჩვენი რეალობის შექმნას. ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ:


ჩვენი სახლები და ქუჩები თავისუფალი იყოს ძალადობისგან;
მძიმე სამუშაოს შესრულებისას სულ მცირე ადამიანის სიცოცხლე იყოს დაცული;
ქვეყნის ეკონომიკა არ იყოს დაყვანილი ყველა დროის ხელისუფლებებთან დაახლოებული კლანების გამდიდრებამდე;
სოფლებში გვქონდეს გზები;
სასმელი წყალი, მიწა და ჰაერი ქალაქებში იყოს სუფთა და ადამიანისთვის ვარგისი;
სკოლამდელი აღზრდა, კეთილმოწყობილ გარემოში ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის;
მოზარდებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა შეიძინონ ის ცოდნა და უნარები, რომელიც სამომავლოდ მათ თავის რჩენის, ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალებას მისცემს;
უნდა ხდებოდეს ხანში შესული ადამიანების ხელშეწყობა, ხოლო მძიმედ დაავადებული ადამიანები იღებდნენ ჩვენგან სათანადო ზრუნვას;



ყველაფერი ეს რომ გავაკეთოთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა ჩვენი კონტროლის ქვეშ უნდა მოვაქციოთ.


მართალია რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ საქართველოში მცხოვრები ქალები, მაგრამ მე ვიცი რომ ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ და ყოველივეს შევძლებთ, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს!
ნაყოფიერი და წარმატებული ყოფილიყოს 2018 წელი ჩვენთვის!





კომენტარები:

ფართი შოპი