სერგო რატიანი ერთიანი ეროვნული გამოცდებით განმეორებითი ჩარიცხვებისა და საგრანტო დაფინანსების წესის შეცვლას ითხოვს

01 Sep 2020 14:43

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანმა, პარლამენტში ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის თემა იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებით განმეორებითი ჩარიცხვებისა და საგრანტო დაფინანსების შეცვლის მოთხოვნა.


"გუშინ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გახდა ცნობილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ წელსაც არიან ისეთი აბიტურიენტები, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში. ასეთი 500 აპლიკანტია.


გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელ სასწავლო წელს, პანდემიის გამო, აბიტურიენტები აღმოჩნდნენ განსაკუთრებულად რთულ სიტუაციაში და არსებული მდგომარეობაც კითხვის ქვეშ ტოვებს სასწავლო წლის სრულფასოვან აღდგენას, მივმართავ განათლების მინისტრს, დაუშვას გამონაკლისი და საგანმანათლებლო სისტემისთვის ნაცნობი პრაქტიკის მიხედვით აბიტურიენტებს, რომლებმაც გადალახეს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მიეცეთ უფლება,  სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე.


აქვე, მინდა, კიდევ ერთხელ,  შევეხო საგრანტო დაფინანსების საკითხს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. არსებული დაფინანსების მოდელი წარმოადგენს ბიუჯეტის თანხების უსამართლო, არარაციონალურ და, შესაბამისად, არაეფექტურ ხარჯს.


მივმართავთ მთავრობას, რომ სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიცვალოს დაფინანსების არსებული არასამართლიანი მოდელი." - განაცხადა სერგო რატიანმა. 



კომენტარები:

ფართი შოპი