შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ
კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, 2001 წელს დაბადებული ე.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის
ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს -
2001 წელს დაბადებულ ვ.გ.-ს და 2003 წელს დაბადებულ ფ.გ.-ს,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე
დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს
შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამკურნალო დაწესებულებაში გაეწიათ, მათ
სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე
დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.