შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, უკრაინის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული მ.კ და
1994 წელს დაბადებული მ.ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე
თბილისში დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ
ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც ე.წ „დადების მეთოდით“ გეგმავდნენ
ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. სამართალდამცველებმა მათ მიერ,
სარეალიზაციოდ გამზადებული და ასევე, შესაბამის ლოკაციებზე განთავსებული
ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სულ ამოღებულია
ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1000 -მდე აბი სუბუტექსი.
დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია
ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.