თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასა

14 Sep 2020 18:36

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში წარმოადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ეკონომიკური მაჩვენებლების და პარამეტრების როგორც 6 თვის, ასევე 8 თვის მონაცემები გააცნო. მისი ინფორმაციით, კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო კორექტირებული ბიუჯეტი დაგეგმილი მაჩვენებლებით მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მონაცემებით წარმოადგინა და აღნიშნა, რომ 6 თვის მდგომარეობით ბიუჯეტის ათვისებამ 93% შეადგინა. რაც შეეხება თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ საბიუჯეტო თანხების ათვისებას - ორივე უწყების მიერ 6 თვის განმავლობაში წლიური მონაცემების 45%-ზე მეტი ათვისება მოხდა. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს.


კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი ხელშეკრულებები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განხორციელებული ორი ოქმი წარმოადგინა.


მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულებები ფინანსურ დოკუმენტებს წარმოადგენენ, რომლის ფარგლებში თურქეთის მხარე მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციისთვის 1.5 მლნ. თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ-ის დოლარს გამოყოფს.


კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ფინანსური მხარდაჭერისთვის თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ხელშეკრულებების რატიფიცირებას პარლამენტი ყოველწლიურად ახდენს.


კომიტეტის წევრები მეორე მოსმენით „სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტსაც გაეცნენ და მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.



კომენტარები:

ფართი შოპი