შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი
დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1985 წელს
დაბადებული ი.პ., 1984 წელს დაბადებული ა.მ. და 1974 წელს დაბადებული ნ.ვ.
და 1978 წელს დაბადებული ზ.შ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს
სისტემატურად ყიდდნენ.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე
განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“ და
„მეტადონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული
აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას,
ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“ და „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.