"დემპინგური სოციალური და შრომითი სტანდარტები ადგილობრივ შრომის ბაზარზე მუშაკთა მასობრივ დეკვალიფიკაციას, მათი პროფესიული ცოდნისა და უნარების დაქვეითებას იწვევს' - ამ განცხადებით საქართველოს ქალთა პარტია - სამართლიანობისა და თანასწორობისათვის თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი 2020 წლის 16 სექტემბერს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.
აღნიშნული რეზოლუცია სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში შრომის კანონმდებლობის ხარვეზებს ეხება და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს შრომის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტს და შექმნას სრულფასოვანი შრომის ინსპექცია სათანადო ანტიდისკრიმინაციული მექანიზმით.
ხათუნა მაჭავარიანი განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევს ქალთა და ბავშვთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხებს. მისივე თქმით, დროა, ქვეყანა რეალურად გადავიდეს ევროპულ და სოციალურ შრომით სტანდარტებზე, რადგან მხოლოდ ეს ცვლილებაა ევროპული მიმართულებით საქართველოს სვლის მყარი გარანტია.
"სამწუხაროდ, დღემდე არ არის რატიფიცირებული შსო -ის 183-ე კონვენცია „დედობის დაცვის’ შესახებ, ევროპის სოციალური ქარტიის ისეთი მუხლები, როგორიცაა: მუხლი 8 - ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დასაქმებულ ქალთა დაცვის უფლება. მუხლი 17 - ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება. ასევე არ არის რატიფიცირებული ევროპის სოციალური ქარტიის ისეთი დებულებები, როგორიცაა უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობები, პროფესიული ორიენტაცია, ოჯახის სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვა, ხანდაზმულთა სოციალური დაცვა, დამსაქმებლის გაკოტრებისას მუშაკთა მოთხოვნების შესრულება, უფლება საცხოვრებელ ადგილზე და სხვა. ქვეყანაში კონცენტრირებული სოციალური ძალადობა არის ბარიერი ევროპისკენ მიმავალ გზაზე. დემპინგური სოციალური და შრომითი სტანდარტები ადგილობრივ შრომის ბაზარზე მუშაკთა მასობრივ დეკვალიფიკაციას, მათი პროფესიული ცოდნისა და უნარების დაქვეითებას იწვევს. ამიტომ დროა, ქვეყანა რეალურად გადავიდეს ევროპულ და სოციალურ შრომით სტანდარტებზე, რადგან მხოლოდ ეს ცვლილებაა ევროპული მიმართულებით საქართველოს სვლის მყარი გარანტია. ხათუნა მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ქალთა შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები მისი საარჩევნო პროგრამის ძირითადი ნაწილია" - განაცხადა ხათუნა მაჭავარიანმა.
„ქალთა პარტია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ და „პროგრესულ-დემოკრატიულ მოძრაობასთან“ ერთად მონაწილეობს.